Pages

Monday 14 October 2013

კომენტარი მამუკა კუდავას სტატიაზე "გამოცხადებული ომის ქრონიკა სირიაში და საქართველო"

კომენტარი მამუკა კუდავას სტატიაზე "გამოცხადებული ომის ქრონიკა სირიაში და საქართველო"

5 September 2013 at 08:49
http://iveria.biz/126-gamocxadebuli-omis-qronika-siriasi-da-saqartvelo.html

საინტერესო სტატიაა და მე მიხარია, რომ ვიღაცა მაინც ფიქრობს და აანალიზებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. აქ იმის მტკიცებას არ დავიწყებ თუ რამდენად არის მიბმული გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სამხრეთ კავკასია ახლო აღმოსავლეთთან - ახლო აღმოსავლეთში მთავარი „მოთამაშეების“ უდიდესი ნაწილი არიან იგივე ქვეყნები, რომლებსაც აქტიჯური როლი და ინტერესეი აქვთ სამხრეთ კავკასიაში (რუსეთი, თურქეთი, აშშ, ევროპა, ირანი). მინდოდა ჩემი კომენტარიც გამეკეთებია სტატიაზე, ვინაიდან ეს საკითხი მეც მაინტერესებს.

სამხედრო ოპერაციის შედეგად მეტი დაძაბულობის გაჩენა დასავლურ და არაბულ სამყაროს შორის, მე პირადად, ნაკლებად შესაძლებლად მიმაჩნია, მითუმეტეს თუ ამ სენტიმენტს ალავიტ-შიიტური ბაშარ ასადი გააღვივებს სუნიტურ არაბულ ქვეყნებში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ასადის რეჟიმის და მისი შიიტური უმცირესობის მართველობის (თან ალავიტები უფრო სეკულარული და სოციალისტური მართველობის მომხრეები არიან) ყველაზე უფრო დიდი მტრები ყოველთვის იყვნენ სუნიტური არაბული ქვეყნები, ვინაიდან სირია ირანის შიიტური ინტერესების გამტარებლად მოიაზრებოდა არაბული ქვეყნების მიერ ახლო აღმოსავლეთში, რასაც ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან და ისინი ამაში ყოველთვის დიდი საფრთხეს ხედავდნენ (მაგ. იორდანია, ლიბანის მართველი ელიტა, არაბეთის ნახევარკუნძულის სახლემწიფოები).

ერაყს რაც შეეხება, აქ სიტუაცია ცოტა უფრო ჩახლართულია და იმის და მიუხედავად, რომ ერაყის მართველი ელიტა პრო ირანული შეიძლება იყოს, არსებობს ქურთების ფაქტორი (ერაყელი სუნიტები რომ არც კი გავითვალისწინოთ). ქურთისტანი ავტონომოიური რეგიონია ჩრდილოეთში, რომელიც ბაღდადიდან საკმაოდ დამოუკიდებელი და ძლიერია. ამავე დროს სირის ჩრდილოეთში არის ქურთების აგრეთვე საკმაოდ ძლიერი და ავტონომიური რეგიონი. თუ ერაყი ჩაერთვება სირიაში ასადის დასახმარცხებლად (ანუ ირანის ინტერესების გასატარებლად), არ არის გამორიცხული, რომ სირიისა და ერაყის ქურთები გააქტიურდნენ რათა შეაჩერონ, ან არ დაუშვან ერაყის მხრიდან ასადის ან სამხედრო ან ლოჯისტიკური დახმარება. ამიტომ, მე მგონია, რომ ამ სიტუაციაში ერაყი პასიური დარჩება და არ ჩაერევა, ვინაიდან მას შიგნით შეიძლება გაუჩნდეს ამის გამო კიდევ უფრო მეტი პრობლემები.

თურქეთზე ბევრს არ შევჩერდები, ვინაიდან თურქეთისთვის ყოველთვის დიდი საფრთხე იყო ირანულ-შიიტური ექსპანსია ახლო აღმოსავლეთში სადაც მას თვითონ აქვს გეოპოლიტიკური და ჰეგემონიური ამბიცია. აგრეთვე თურქეთს ქურთების გააქტიურება არ აწყობს, ამიტომ ისიც შეეცდება, რომ ერაყის მთავრობაზე გავლენა იქონიოს, რათა ერაყის მთავრობის ასადისათვის დახმარებამ არ გამოიწვიოს ქურთების გააქტიურება.

იზრაელს რაც შეეხება, მე მგონია, რომ ასადის დამხობა, არეულობა, არაფუნქციონალური მთავრობა და თუნდაც ისლამისტური დაჯგუფებების სათავეში მოსვლა სირიაში იზრაელს აწყობს იმაზე  მეტად ვიდრე ასადის კარგად ორგანიზებული, კომპეტენტური, პროფესიონალური და დაფინანსებული სამხედრო და უშიშროების აპარატი/სისტემები, რომლებიც არა მარტო ჰეზბულას ლიბანში, არამედ ჰამას პალესტინაშიც ეხმარებიან და აიარაღებენ. არეულობა სირიაში და ასადის დამხობა გამოიწვევს ჰეზბულასა და ჰამასის დასუსტებას, რაც იზრაელს აწყობს, რომ პალესტინნურ მოლაპარაკებებში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვოს (ჰამასის დასუსტებით) და ამავე დროს გააძლიეროს მარონიტების (ქრისტიანების) მართველობა ლიბანში (ჰეზბულას დასუსტებით) - ეს ორივე კი იზრაელის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

როგორც სტატიაში არის ახსნილი, ასადის დამარცხებით და თუნდაც ისლამისტური დაჯგუფებების სათავეში მოსვლით სირიაში, არეულობით და ა.შ. ირანის გავლენა რეგიონში იქნება მინიმალიზირებული და გავრცელდება მხოლოდ აღმოსავლეთ ერაყსა და დასავლეთ ავღანეთში.  ამ სცენარით პლაცდარმი იქნება გამზადებული ირანის მოსათოკად, გასაკონტროლებლად ან ირანზე დასავლური და სუნიტურ-არაბული გავლენის გასავრცელებლად - იგი, ასე ვთქვათ, ლყაში მოექცევა.

ამ სცენარითვე რუსეთი დაკარგავს რაიმე გავლენას და ყველა მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში - რუსეთი დაკარგავს ახლო აღმოსავლეთს. მართალია, რომ ახლო პერსპექტივაში ნავთობზე ფასების ზრდამ, შეიძლება რუსეთს დამატებითი „ქეში“ მოუტანოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში და თუ ირანი დასავლური ან არაბული გავლენის ქვეშ მოექცა, რის მიხედვითაც დასავლეთი (ან არაბული ქვეყნები) გააკონტროლებენ კასპიის ბასეინსა და სპარსეთის ყურეს, ნავთობის ფასს რუსეთის კონკურენტები (მტრები) გააკონტროლებენ და საბოლოო ჯამში ნავთობზე ფასები დაიკლკებს და რუსეთი დაკარგავს დიდძალ ფულს.

რუსეთმა დაკარგა აღმოსავლეთ ევროპა, დაკარგა სამხრეთ კავკასიის ნაწილი, კარგავს ახლო აღმოსავლეთს. მას რჩება ცენტრალური აზია, სადაც უზბეკეთი (ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვინაიდან ცენტრალურ აზიაში დემოგრაფიულად ყველაზე დიდი ეთნოსი უზბეკები არიან) მას არ ექვემდებარება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ავღანეთიდან ნატოს ჯარების გმოყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტების გამძაფრება ავღანეთში, ტალიბანების მიერ უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვება და ის, რომ ეს ცენტრალურ აზიასაც შეეხება, მილიტარისტული, ფუნდამენტალისტურ-რადიკალური ისლამისტების ინფლიტრაციისა და ნარკო თრეფიქინგის გაძლიერებით, რუსეთს ცენტრალურ აზიაშიც კარგი მომავალი არ ეხატება. შესაბამისად რუსეთს ჩრდილოეთით რჩება ოკეანე, აღმოსავლეთით ჩინეთი (რუსეთის ყველაზე დიდი გრძელვადიანი საფრთხე), დასავლეთით დაკარგული (და მტრულად განწყობილი) ევროპა, სამხრეთით ნაწილობრივ დაკარგული სამხერთ კავკასია, დაკარგული ახლო აღმოსავლეთი და არეული ცენტრალური აზია.

ახლო პერსპექტივაში რუსეთის ასეთი დასუსტება და შევიწროება, თან როდესაც ამ პროცესში მან შეიძლება „ქეშიც“ მოიგოს ნავთობზე ფასების გაზრდით, საქართველოს კარგი პერსპექტივა არ ეხატება. რუსეთს ახლო მომავალში და ასეთი სცენარის განვითარების გამოს მოუწევს გააქტიურება პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც და მილიტარისტულადაც. ასეთ გააქტიურების „პოლიგონებად“ მას რჩება მხოლოდ კავკასია და ცენტრალური აზია. ცენტრალურ აზიაში მისი სამხედრო გააქტიურება ძნელი იქნება ვინაიდან უზბეკეთის გარდა ყველა სხვა სახელმწიფო მისი მოკავშირეა. თუმცა რუსეთი შეიძლება ისევ ავღანეთში შევიდეს, რაც შესაძლებელია, მაგრამ ასეთ გრანდიოზულ პროექტს ის თავისი რესურსებით არა მგონია, რომ გასწვდეს, თუმცა რუსეთის ასეთი „კამპანია“ დასავლეთს ძალიან აწყობს. ასე, რომ რუსეთის გააქტიურების ყველაზე შესაფერ ასპარეზად ისევ კავკასია გვევლინება - რაც ძალიან სამწუხაროა და საუბედურო საქართველოსათვის. ამიტომაც, მე მგონია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ მოხდება სამხედრო დაპირისპირება (2016 – 2018), იმისდა მიუხედევად საქართველო „დაუწვება“ რუსეთს თუ არა. ამიტომაც, მე პრიადად მგონია, რომ რუსეთს ურჩევნია საქართველოში იყოს პრო-რუსული ოპოზიცია და არაკომპეტენტური პრო-დასავლური მთავრობა, რომელიც ვერ შესძელბს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური  მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რაც უზრუნველყოფს მუდმივი უკმაყოფილების სენტიმენტს.

მე ვეთანხმები სტატიის ავტორს იმაში, რომ ახლო არმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, და განსაკუთრებით სირიის ამბებს ექნება დიდი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე (რუსეთის გააქტიურების თვალსაზრისით) - ეს პროცესები მოიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს საქართველოსათვის ახლო მომავალში. თუმცა შორეულ მომავალში (2018 წლის მერე) იგივე სირიის ომმა, ირანის მოთოკვამ და რუსეთის ახლო აღმოსავლეთიდან განდევნამ, შეიძლება ძალიან დადებითი შედეგი მოუტანოს საქართველოს, იმ პირობით თუ 2018 წლამდე საქართველსო მთავრობა მოიქცევა კომპეტენტურად და პრინციპულად (!!!), რომ ახლო მომავლის საფრთხეების გამო არ დასთმოს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები და მიზნები - რუსეთი გააქტიურდება მოკლე ვადით მხოლოდ და საბოლოო ჯამში იგი დამარცხდება, დასუსტდება და შეიძლება დაიშალოს კიდეც. ნუ „დავხამდებით“ და ნუ შევშინდებით რუსეთის რამოდენიმე წლით „გაბლატავებით“.

No comments:

Post a Comment